იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 144-კაციანი სიის გასაჯაროებას მარიამ ჯაში ეხმაურება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერი კანდიდატის მთავარი მახასიათებელი საზოგადოების ნდობა იქნება.
მარიამ ჯაშმა შალვა თადუმაძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნაზეც ისაუბრა.
„ამ სიაში არის არაერთი გამორჩეული პროფესიონალიზმის მქონე პიროვნება. საზოგადოების ნდობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც იქნებიან შერჩეული უზენაეს სასამართლოში, იქნებიან როგორც პროფესიონალური, ასევე პიროვნული ნიშნით გამორჩეული. შესაბამისი კვალიფაკაციის ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პოზიციისა, აქვს უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ბატონი შალვას კანდიდატურაზე. ის, რომ ბატონი შალვა იყო არჩეული გენერალურ პროკურორად, უკვე მიუთითებს მის მაღალ კვალიფიკაციაზე. თუმცა, ბუნებრივია, ეს ისევ და ისევ არის მსჯელობის საკითხი,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.