ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში წერია, რომ 2019 წლის 5 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა. კომიტეტმა კვლავ მოიწონა ის ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა.
"მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა რომ: 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ივანე მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
"იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით - 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება 2019 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 1 იანვრამდე;
პარლამენტმა დაამტკიცა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე,"-წერია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მერაბიშვილის საქმის შემდგომი განხილვა 2019 წლის სექტემბრის სხდომაზე აღარ გაიმართება და მას მინისტრთა კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.