კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ინფორმაციას საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კვიპროსი გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-13 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს.
"აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს გააჩნია. კვიპროსის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროვებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.
კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს," - აღნიშნულია განცხადებაში.