ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში გადასატანი ყუთით გაცილებით მეტი ადამიანი ისარგებლებს, ვიდრე პირველ ტურში. ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა, დაახლოებით, 3 კვირაში 200-ით გაიზარდა.
"ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა ეს ინფორმაცია გუშინ გაასაჯაროვეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმით ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ, ხმების დამატებითი მობილიზება იგეგმება.
ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია და მიმართვაზე უარი ჟვანიას უწყებამ მხოლოდ 4 ამომრჩეველს უთხრა.
„არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია ოცდათერთმეტივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთის მოთხოვნით, ამომრჩეველს აქვს უფლება განცხადებით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. თუკი ამომრჩეველი რეგისტრირებულია გადასატანი ყუთის საარჩევნო სიაში, რომც მივიდეს საარჩევნო უბანზე, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მან ხმა აუცილებლად გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უნდა მისცეს. დაახლოებით, 200 ადამიანით არის გაზრდილი სია, თუმცა 3%-ზე მაღალი მაჩვენებელი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის კანონდარღვევა“, - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.