ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არჩევნებთან დაკავშირებიოთ 17:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებენ. ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, 17:00 საათის მონაცემების მიხედვით, აქტივობა შეადგენს 32.5%, რაც შუალედური არჩევნების პირველი ტურის მონაცემებს აღემატება.
„წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 17:00 საათის მდგომარეობით. აქტივობამ თბილისის ნომერ პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 32.5%, რაც რაოდენობრივად არის 14 ათას 278 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნების პირველ ტურზე, 17:00 საათის მდგომარეობით, აქტივობამ შეადგინა 26.6%.“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს სპიკერის თქმით, საარჩევნო პროცესი, ყველა უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„უნდა აღინიშნოს, რომ მთელი დღის განმავლობაში, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში. ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩევლის გარეთ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნის გარეთ, კომისია არ ახორციელებს კონტროლს. ამომრჩევლის აღრიცხვა კანონმდებლობით არ იკრძალება, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ დაცული იყოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის პრინციპი“ - განაცხადა ანა მიქელაძემ და აღნიშნა, რომ მოცემული დროისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 საჩივარია შესული.