საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ფილიპო გრანდისთან შეხვედრაზე დევნილთა და ლტოლვილთა საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ფილიპო გრანდიმ მაღალი შეფასება მისცა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი და მათი ინტეგრაცია საქართველოსათვის ახალი გამოწვევაა. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით აღნიშნული საკითხი სათანადოდ გადაიჭრება.
"ვისაუბრეთ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ ლტოლვილებზე, ასევე ჩვენს ხელმისაწვდომობაზე, რათა საქართველოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ და თავშესაფრების სისტემა გავაძლიეროთ. ვისაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, დადებითად შევაფასე პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირების მხარდასაჭერად შეიქმნა. რასაკვირველია, ამ პრობლემის გადაწყვეტა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვართ ჰუმანიტარული ორგანიზაცია და ნებისმიერ დროს ხალხის სამსახურში ვართ.
დაბოლოს, შევეხეთ საქართველოს გლობალურ როლს, არსებობს შეთანხმება ლტოლვილების თაობაზე, რომელიც გაეროს მიერაა მხარდაჭერილი. წლის ბოლოს ჟენევაში ლტოლვილთა გლობალური ფორუმი-მინისტერიალი იგეგმება და მე მოვუწოდებ საქართველოს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ მოთამაშედ დარჩეს”, - განაცხადა ფილიპო გრანდიმ.