19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
მკაცრი გაფრთხილება 2020 წლის არჩევნებისთვის - ოპოზიცია პომპეოს განცხადებას აფასებს

მკაცრი გაფრთხილება 2020 წლის არჩევნებისთვის - ასე აფასებს ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, პომპეოს მიერ გაკეთებული განცხადებები ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების ჩატარების წესი აუცილებლად უნდა შეცვალოს და უარი თქვას გაყალბების მეთოდებზე. ოპოზიციის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო კლანური მმართველობისგან უნდა გაათავისუფლოს.

დაკავშირებული სურათი„სახელმწიფო მდივანს საჯაროდ დასჭირდა ამ გზავნილების გაჟღერება იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, უკვე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები და აშშ აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, რომ ანაკლიის პორტი არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის და აქ რუსეთის და ჩინეთის ინტერესები უპირისპირდება დასავლეთის ინტერესებს, მათ უგულებელყოფა გაუკეთეს ამ გაფრთხილებებს.

რაც შეეხება არჩევნებს, ვფიქრობ, რომ გზავნილი იყო ძალიან ნათელი. თუ საქართველოს სურს, რომ გაგრძელდეს სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან, ამისთვის არჩევნები ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული წესების დაცვით და არა ისე, როგორც ჩატარდა უკანასკნელი რამდენიმე არჩევნები. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებით, რომ ჩიხში შეიყვანოს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი, ფაქტობრივად, გადაულახავ დაბრკოლებას ქმნის სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებისთვის აშშ-სთან,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ხელისუფელების ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ რადგან პომპეოს განცხადებაში ანაკლიის პორტიც მოხვდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას დახურულ შეხვედრებზე ამერიკული მხარე მუდმივად ელაპარაკებოდა ამ საკითხზე. მათი თქმით, აშშ-მ ახლა საჭიროდ ჩათვალა, რომ გზავნილი საჯაროდ გაეჟღერებინა.

დავით ბაქრაძე-ის სურათის შედეგი„პომპეოს განცხადებაში იკვეთება ორი ბლოკი, პირველი არის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს, ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ნატოში გაწევრიანებას და მთლიანობას, მეორე - საჯაროდ, ღიად გამოხატული შეშფოთება ხელისუფლებას ისეთ თემებზე, რომელიც ეხება თავისუფალ არჩევნებს, სასამართლოს, პარლამენტის როლს, ანაკლიის პორტს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საქმე მიდის კარგად და "ოცნების" ხელისულების საქმე მიდის ცუდად. ერთიც კარგია ქვეყნის მომავლისთვის და მეორეც, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. თუ ხელისუფლება იმის ელემენტარული საღი აზრი არ აღმოაჩნდა, რომ გაიგო და გაითვალისწინა ის გზავნილები, რომელიც საჯაროდ გაახმოვანა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მით უარესი ამ ხელისუფლებისთვის,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს სახელმწიფო მდივანმა სხვა თემების გარდა, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, თავისუფალ არჩევნებსა და ანაკლიის პორტზე ისაუბრა. მაიკ პომპეოს მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ეს გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში კიდევ უფრო მკაფიოდ აისახა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები