დამკვირვებლები, საეთერო დრო და ცრუ კანდიდატები - იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა ხარვეზიანია, თუმცა მინისტრი არ საუბრობს მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით ჩანაცვლებაზე. მისი თქმით, მთავარია, არსებული კანონი მომავალ არჩევნებზე არ იძლეოდეს საშუალებას ე.წ. ცრუ კანდიდატების დახმარებით ერთმა პარტიამ საეთერო დროით რამდენჯერმე ისარგებლოს. ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებს არ მიეცეთ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა და შესაძლებელი უნდა იყოს მხარდამჭერების მონაცემების გადამოწმება.
"ჩვენი კანონი მომავალ არჩევნებზე აღარ იძლეოდეს ცრუ კანდიდატების არსებობის საშუალებას და ამით სახელმწიფო რესურსისა და საეთერო დროს ერთი პოლიტიკური ძალისთვის ორჯერ და მეტჯერ გამოყენებას. ასევე, ჩემთვის პრიორიტეტულია ის რეკომენდაცია, რომ კანონმა ჩამოაყალიბოს, თუ ვის აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი, რადგან დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური პირი და არა პოლიტიკოსი, რომელიც შეიჭრება საარჩევნო უბანზე და თავს გაყიდის დამკვირვებლად, იმიტომ, რომ ბეიჯი აქვს კისერზე დამკვირვებლის და ამით ურევს პროცესს, ამის საშუალებას დღეს კანონი იძლევა და ეს კანონი ამიტომ არის ხარვეზიანი და ასევე მხარდამჭერების მონაცემების გადამოწმების საშუალება უნდა არსებობდეს,"-აცხადებს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, დღეს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ოპოზიცია კონკრეტული ულტიმატუმით მივიდა, ისინი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის დატოვებას არ გამორიცხავს.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება ყველა რეკომენდაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთომ გასცა. მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, დააკმაყოფილებენ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას. ოპოზიციის გარდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არასამთავრობო სექტორიც ითხოვს.