19 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ეს არის ჩვენი ხელისუფლების სირცხვილი - ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება რუს დეპუტატებს აქციით ხვდება

რუს დეპუტატებს ხელისუფლება განსაკუთრებული პატივით, ოპოზიცია კი პროტესტით ხვდება. ბლოკი " ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები" და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ავლაბრის სასახლესთან საპროტესტო პლაკატებით მივიდნენ. ოპოზიციის განცხადებით, დეპუტატები, რომლებიც  ანტიქართული განწყობით გამოირჩევიან და შესაძლოა დარღვეული აქვთ ანტისაოკუპაციო კანონი, ხელისუფლებას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.

„ის რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სირცხვილი. ჩვენ რომ არ გვყავდეს უთავმოყვარეო ხელისუფლება, დღეს გავრილოვი ამ ფორუმის საპატიო სტუმარი არ იქნებოდა. ეს არის ის პიროვნება, ვინც აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას და საქართველოს მოსახლეობას იმავეს ურჩევს, რომ შეეგუოს ამ რეალობას. ეს ადამიანი არა თუ საპატიო სტუმარი უნდა იყოს, ეს ადამიანი საქართველოს მტრების სიაში პირველ ათეულში უნდა იყოს“, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანასა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე არ ზრუნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის წევრებს საპატიო სტუმრის სტატუსით არ მიიღებდა.

მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო 4 დღიანი კონფერენცია დღეს გაიხსნება და ასამბლეის სხდომები პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

პუტინის თანამოაზრე და ოკუპაციის თანამონაწილე რუს დეპუტატებს, საქართველოში განსაკუთრებული პატივით ხვდებიან. სერგეი გავრილოვს, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სახელმწიფო დაცვა გამოუყო და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამოყენებით, აეროპორტიდან სასტუმროში მიაცილა.

სასტუმროშიც რუსი დეპუტატის მშვიდ გადაადგილებას, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რამდენიმე წევრი უზრუნველყოფდა.

დღის ამბები