ვერ გამართლდება ის ფაქტი, რომ ვსტუმრობთ ადამიანს, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს.
მისი თქმით, არცერთი არგუმენტით არ მართლდება ის ფაქტი, რომ საქართველოში იმყოფება ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.
კვაჭანტირაძე უკრაინის ელჩის მიერ იმ ასამბლეის პროტესტის ნიშნად დატოვებასაც გამოეხმაურა, სადაც სიტყვით რუსეთის დუმის დეპუტატი გამოდიოდა.
„მესმის უკრაინის ელჩის პოზიციის, რაც უნდა ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით, ვერანაირად ვერ გამართლდება, ვერანაირი არგუმენტებით, რომ ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში, იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ვერ გამართლდება ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ადამიანს, რომელსაც არაერთგზის აქვს დარღვეული საქართველოს მოქმედი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.