19 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"ორგანიზატორებს მოუწევთ, მოუბოდიშონ საზოგადოებას, განმარტონ რა, რატომ და როგორ მოხდა" - კახა კალაძე  

სერგეი გავრილოვის მოხსენება პარლამენტში - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ ასამბლეის ორგანიზატორებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. განცხადება, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგს, საპარლამენტო წევრები ესწრებოდნენ. კალაძემ ასევე თქვა, რომ მას შემდეგ რაც დღეს პარლამენტში მოხდა, ასამბლეა ვეღარ გაგრძელდება.

„რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ინტერესების გატარებისთვის.

დაუშვებელი და არასწორი იყო საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით სხდომის ჩატარება. ჩვენ გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ისეც არ უნდა ვქნათ,რომ მტერს ამ სიტუაციით სარგებლობის საშუალება მივცეთ.

ორგანიზატორებს მოუწევთ და მოუბოდიშონ საზოგადოებას, გარმანტონ  რა, რატომ და როგორ მოხდა.

რაღაცეების გაპრავება რომ არ გამოვიდეს, არცერთი ვაპირებთ ამას, ირაკლი არ იმყოფება საქართველოში, როდესაც დაბრუნდება, განმარტავს ყველაფერს და ასევე ორგანიზატორი ვინც იყო, ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს ყველაფერს. როგორც განვითარდა მოვლენები  ასე დაგეგმილი ნამდვილად არ იყო და ასე არ უნდა მომხდარიყო,“-განაცხადა კალაძემ. 

მართლმადიდებელობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. რამდენიმე წუთის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს. ისინი საქართველოს, სავარაუდოდ, ერთ საათში დატოვებენ.

დღის ამბები