19 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადადგომა აღარ არის ადეკვატური - 20 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთაველის აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მესამე სექტორის განცხადებით, მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადადგომა არსებული გამოწვევების პროპორციული აღარ არის და თანამდებობა უნდა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც. ასევე ხელისუფლებამ დიალოგი უნდა დაიწყოს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა განვითარებული მძიმე პროცესების გამო და გადადგას შემდეგი ნაბიჯები: პარლამენტის თავმჯდომარემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა, საპოლიციო ოპერაციით გამოწვეული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობა დატოვოს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა. ხელისუფლებამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისათვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვა“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძემ.

"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის დროულ გადაყენებას შესაძლოა, აქციაზე მოვლენების სხვაგვარი განვითარება გამოეწვია.

„დღეს უკვე მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადადგომა აღარ არის ადეკვატური იმ გამოწვევების,  რაც ქვეყანაში განვითარდა, ამიტომ ხელისუფლებამ სწორად უნდა შეაფასოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობა“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას დადებითად აფასებს.

„მისასალმებელია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა, ეს არის ერთგვარი პასუხისმგებლობის აღება გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ არანაკლები საშინელება იყო, რაც გუშინ ღამე ვიხილეთ და ამის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმაც უნდა დატოვოს თანამდებობა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობო სექტორი კონფლიქტური სიტუაციის განსამუხტად ერთ-ერთ მთავარ ცვლილებად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მიიჩნევს და ხელისუფლებას მოუწოდებს შესაბამისი დიალოგი დაიწყოს პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

„სიტუაციის განმუხტვას სჭირდება დიალოგი, როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე საზოგადოების ჯგუფებთან. ჩემთვის გაუგებარია რატომ კეთდებოდა „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისიდან განცხადებები, რადგან ხელისუფლებისგან ელოდებოდა მოსახლეობა პასუხს. ინსტიტუციონალური გამიჯვნა ცხადი უნდა იყოს“, - განაცხადა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა მიხელ ბენიძემ.

მესამე სექტორი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ არ მოახდინონ სიტუაციის დაძაბვა და ესკალაცია.

დღის ამბები