რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაიას საქმის განხილვა ხვალისთვის გადაიდო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბასილაიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა - ადვოკატმა 20 ივნისის აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან ათეულობით ადამიანის დაკავება გააპროტესტა და სოლიდარობის ნიშნად, მათ გათავისუფლებამდე პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა.
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული სხვა პირების საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 25 ივნისის 11:00 საათამდე ვერ მოასწრებს, ბასილაიას თქმით, თავის საჩივარს გაიტანს.
ბექა ბასილაიას სასამართლომ 21 ივნისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„მიმაჩნია, რომ როგორც დაკავება და შემდგომ უკვე პატიმრობის შეფარდება იყო თავიდანვე პოლიტიკური პროცესი, დღესაც ეს სასამართლო განხილვა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ ამ საკითხს აქვს მეორე მნიშვნელოვანი შემადგენელი - ამ გავრილოვის ღამეს, პოლიცმეისტერი გახარიას დავალებულთა მიერ დაკავებულ იქნა რამდენიმე ათეული და ასეული ადამიანი. დღეს მე როგოროც ვიცი სააპელაციო სასამართლომ განიხილა დაახლოებით 20-მდე ადამიანის საქმე, ვიდრე უკანასკნელი მათგანი არ იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, მანამ იქნეს მოცემული საჩივრის განხილვა გადადებული,“-განაცხადა ბასილაიამ.