"მინისტრს, ისევე როგორც შს სამინისტროს ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა" - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომა დღეს დანიშნა. ბახტაძე მინისტრებს მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში შეხვდება.
მამუკა ბახტაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და ქვეყანას ააცილა უმძიმესი სცენარი.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი პარლამენტზე მიიტანეს, ორივე შემთხვევა უმძიმესი შედეგებით დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს, ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შსს, ეს იყო მათი მოვალეობა რომ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი. ჩვენ და შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შს სამინისტროს ჩემგან, ისევე, როგორც საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა,“ - აღნიშნა პრემიერმა.