"პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ფორმალურად უკავია, სინამდვილეში არის პოლიტიკური სიცარიელე, ადამიანი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს, მას უწერენ ტექსტებს და კითხულობს,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ მამუკა ბახტაძის მისამართით „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. ოპოზიციის წევრი რუსთაველის გამზირზე იმყოფება, სადაც გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია უნდა დაიწყოს.
ოთარ კახიძე მამუკა ბახტაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა. ოპოზიციის წევრმა მამუკა ბახტაძეს "პოლიტიკური არარაობა" უწოდა.
ოთარ კახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ გიორგი გახარია თანამდებობაზე დარჩეს. მისი განცხადებით, ჩნდება კითხვები, აქციის დარბევის ბრძანების გამცემ პირებს შორის გახარიას გარდა სხვა პირიც ხომ არ ფიგურირებენ, ასევე, ხომ არ იყო ანზორ ჩუბინიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან კომუნიკაციაში.
ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა აუცილებელი და გარდაუვალია.