ლარის რეკორდული სისწრაფით გაუფასურებაზე სრულ პასუხისმგებლობას ეკონომისტი, ლაშა გოცირიძე ეროვნულ ბანკს აკისრებს. გოცირიძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი შემჩნეულია ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ლარის გამყარების შეჩერება რეზერვების შესყიდვით.
„პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ ეროვნული ბანკის პოზიცია, თუ რატომ აკეთებენ ასე, ანუ ჩვენ უკვე დავაკვირდით, რომ მას შემდეგ, როდესაც ლარი იწყებს შედარებით გამყარებას, გამყარების პროცესს აჩერებენ რეზერვების შესყიდვით, უკვე რამდენჯერმე იქნა შემჩნეული ეროვნული ბანკი ასეთ ქმედებებში,“ - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.
ამას გარდა, გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაკისრებული ე.წ. ტურისტული ემბარგო ლარის კურსის გაუფასურებაზე, რა თქმა უნდა, აისახება.
„რუსეთისგან გამოცხადებული სანქციების შედეგად, ბუნებრივად გაჩნდა გაუფასურების მოლოდინები და ეს აისახა კიდევაც ლარზე, მოხდა გაუფასურება, პიკს მიაღწია და მერე, შემდგომში დასტაბილურდა. რეალურად, ამ სანქციებს რა შედეგი ექნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მთავარი, ალბათ, ყველამ დავინახეთ, რომ გვყავს ძალიან ტოქსიკური მეზობელი და უნდა შევეცადოთ, ცხოვრება ვისწავლოთ ისე - ბიზნესურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები ავაგოთ ისე, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავი ამ ტოქსიკური მეზობლისგან," - ამბობს ეკონომისტი.