პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით - მმართველი გუნდის კანონპროექტის პრეზენტაციაზე დასწრებას არ აპირებს ოპოზიციის ნაწილი. ისინი სტატისტის როლში ყოფნაზე გაცილებით მნიშვნელოვნად, კონსულტაციებს მიიჩნევენ.
“ჩვენ რა თქმა ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ საპარლამენტო განხილვის პროცესში და რა თქმა უნდა არ მივიღებთ მონაწილეობას, როდესაც „ქართული ოცნება“ აკეთებს პრეზენტაციას და ეს არის პარტიული ღონისძიება. ბლოკების არქონა პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამაში მონაწილეობას, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც უკეთესი იქნება საპარლამენტო მომავლისთვის, ვიყოთ ჩართული ამ პროცესში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ნულპროცენტიანი ბარიერის პირობებში ბლოკების შექმნის საკითხის მარტივად მოხსნა დისკუსიის გარეშე არ შეიძლება. მათი თქმით, პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, რა სახით სურთ არჩევნებში პოზიციონირება.
„ეს ღონისძიება არის პარტიული ღონისძება „ქართული ოცნების“, იქ ჩვენი ყოფნის არანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩვენი პოზიცია საჯაროდ ცნობილია. მიუხედავად ამ ვირეშმაკობების, მაგალითად ბლოკების გაუქმებაზე, რომელიც ოპოზიციას ურთულებს ტექნიკურად საქმეს, ჩვენ არ მივცემთ არც ერთ საბაბს ივანიშვილის გუნდს, რომ ეს ისტორიული გამარჯვება, რომელიც საზოგადოებამ მოიპოვა, გააჩეროს ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.
მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში მზად არის უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, რათა საზოგადოების ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, მათ საბაბით არ შეყოვნდეს.
„გააჩნია რა სამუშაო ფორმატს შემოგვთავაზებს და როდის შემოგვთავაზებს „ქართული ოცნება“. ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ და ყველა პრობლემური საკითხი ერთად გავიაროთ, რათა შევქმნათ ერთიანი თანხმობის პროდუქტი 2020 წლის არჩევნებისთვის. რიტუალები, კონცერტები, პრეზენტაციები და ა.შ. მე მგონი საკმარისად ვნახეთ ერთმანეთის,“-ამბობს ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე.
პრეზენტაციაზე დასწრებას გეგმავს „შენების მოძრაობა“. პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მათ აინტერესებთ გაარკვიონ, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“, რატომ არის საჭირო პროპორციული არჩევნები.