პარტიები, ვინც დღევანდელ ღონისძიებაზე მივიდნენ არიან სწორედ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებთან ერთადაც ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ფორმირებას გეგმავს, - ამის შესახებ იმ პოლიტიკური ძალების ლიდერებმა განაცხადეს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ პრეზენტაციაზე არ მივიდნენ. ასეთი პარტიების რიგებში კი, აღმოჩნდნენ როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ძალები, ასევე „ევროპული საქართველო,“ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები.“
„რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელ პრეზენტაციაზე ფაქტობრივად სამომავლო „ქოცური“ ორბიტა დაფიქსირდა.
„გამოიკვეთა ის პრორუსული დეკლარირებულად და ღიად ბურჯანაძის პარტია, გუგავას პარტია, ასევე, დეკლარირებულად პროდასავლური შექმნის პროცესში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც, პრინციპში, უფრო თავს ხედავენ „ქართული ოცნების“ ორბიტაში. პრაქტიკულად დღეს იქ, შესაძლოა ვინმე გამონაკლისიც გამოჩნდეს, მაგრამ არსებითად იქ დაფიქსირდა სამომავლო „ქოცური“ ორბიტა,“- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინ 20 ივნისის მოვლენებში მიიღო მონაწილეობა და დაშავდა, ეს ფაქტი მძაფრ რეაქციებს გამოიწვევს.
„მე დარწმუნებული ვარ ბევრი იმ ადამიანისთვის, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, არათუ არასასიამოვნო, მიუღებელი საყურებელი იქნებოდა და ძალიან მძაფრი რეაქციაც ექნებოდა,“- განაცხადა უგულავამ.
მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ საკუთარ ფერხულში სხვა პარტიებიც ჩააბას. „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნება“ პოლიტიკურად კეთროვანია და მასთან გაერთიანება წამგებიანია.
„ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ფულით, სხვა და სხვა გავლენებით გარკვეული პარტიები, ასე ვთქვათ, ჩააბას საკუთარ ფერხულში, თუმცა მინდა ყველას ვუთხრა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის პოლიტიკურად კეთროვანი და მასთან დაკავშირება არის ძალიან წამგებიანი, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ქვეყანა უფსკრულის წინაშე დააყენა და ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა და მერე დასაჯა საქართველოს მოქალაქეები იმისათვის, რომ საქართველოს მტერი გააძევეს ქვეყნიდან,“- განაცხადა მინაშვილმა.
„ეროვნულ დემოკრატიული“ პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას მოსაზრებით, არასწორია მმართველ პარტიასთან რაიმე პარტიულ ურთიერთობებში შესვლა მანამ, ვიდრე 20 ივნისის ღამის მთავარი ავტორი, შს მინისტრი გახარია დაუსჯელია.
„ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც მოძალადე ხელისუფლება, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და სანამ დასჯილი არ არის მთავარი ავტორი 20 ივნისის ღამის, სისხლიანი ღამის, გახარია, უბრალოდ, არ მიმაჩნია სწორად რაღაც პარტიულ ურთიერთობებში „ქართულ ოცნებასთან“ შესვლა,“- განაცხადა ქარდავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია მმართველმა გუნდმა დღეს გამართა.