რუსეთის გამანადგურებელი გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ - „ამნესტი ინტერნეიშენელმა“ ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოში აღმართული გამყოფი ხაზები ათასობით ადამიანს ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის.
„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა, ე.წ. ბორდერიზაციის ზონაში 150 ადამიანი გამოკითხა. ანგარიშში ყველა ის ფაქტი და დარღვევაა შესული, რომელიც 2008 წლის ომმა მოიტანა.
"ჩვენი ცხოვრება ბორდერიზაციამ შეცვალა" - ასე იწყება ანგარიში, სადაც წერია, რომ ადამიანებს ეშინიათ საფლავებთან მიახლოვების, რადგან ისინი მავთულხლართებთან არის ახლოს და შესაძლოა, დაიჭირონ.
საერთაშორისო ორგანიზაციამ დოკუმენტი სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად მედიას გააცნო. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებსაც. დასკვნა გადაეგზავნა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციას. ”ამნესთი ინთერნეიშენელი“ რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და აღკვეთოს ყველა ის ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებს 2008 წლის ომის შემდეგ შეექმნა.
„ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, ზარალდება თვითნებური შეზღუდვების დაწესებით. ისინი თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან. არ აქვთ კავშირი ზოლის მეორე მხარეს დარჩენილ ნათესავებთან, ვერ მიდიან საფლავებზე, არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთის და დეფაქტო ხელისუფლებასაც, დაუყოვნებლივ შეამსუბუქონ არაპროპორციული შეზღუდვები თავისუფლად გადაადგილებაზე და ეფექტურად გამოიძიონ თვითნებური დაკავებები და ბრალდებები სასტიკი მოპყრობის შესახებ იმ პირთა მიმართ, რომელიც ამ ხაზს კვეთენ. ჩვენს მოკვლევას და ანგარიშს წარვადგენთ მოსკოვშიც, უფრო მეტიც, ვისაუბრებთ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე,“ - განაცხადა ”ამნესთი ინთერნეიშენელის” წარმომადგენელმა, მარი სტრეზერსიმ.
ანგარიშის პრეზენტაციას ანალიტიკოსები ესწრებოდნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, რომ ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე.
„გასაგებია, რომ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ რეკომენდაციებს რუსეთის ხელისუფლება ასე ავტომატურად არ შეასრულებს, არავინ არ არის გულუბრყვილო და ეს მოლოდინი არ აქვს. აქ მთავარია საერთაშორისო თანამეგობრობაში კონკრეტული ხედვის და განწყობის ჩამოყალიბება. შემდეგ უკვე რუსეთის მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს არა უბრალოდ „ამნესთი ინთერნეიშენალს,“ არამედ ამ საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრს, დასავლეთის პოზიციას,“ - განაცხადა ”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარემ, გია ნოდიამ.
”ჰიუმან რაითს ვოჩის” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, გიორგი გოგია ამბობს, რომ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებს ვერ გაექცევა.
„ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლება 21-ე საუკუნეში ძალიან პრობლემებს ქმნის. ეს ხლეჩს ოჯახებს. მათ ხელს უშლის როგორც ურთიერთობებში, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ ურთიერთობებში, ართულებს მათ გადაადგილებას,“ - განაცხადა გოგიამ.