„კანონზე მაღლა არ დგას არავინ“-ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა. კახა კალაძე ამბობს, რომ 20 ივნისს იყო ცალკეული გადაცდომები და ამისთვის პასუხის აგებს ყველა, ვინც კანონი დაარღვია.
„ყველას მოეკითხება ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ყველას ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი იმ კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ ძალის გადამეტების თვალსაზრისით იყო ცალკეული ეპიზოდები, აუცილებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი,“-განაცხადა კახა კალაძემ.
გაბედავდა თუ არა ვინმე, რომ მინისტრის ბრძანების გარეშე დამიზნებით ესროლა მომიტინგეებისთვის, "რუსთავი 2"-ის ამ შეკითხვაზე, კახა კალაძე აცხადებს, რომ პასუხი მედიას გიორგი გახარიამ უკვე გასცა.
„თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა, რომ თვალებში და თავში ესროლათ? ამის გჯერათ თქვენ? მინისტრმაც გაგცათ პასუხი, გასცა იმ შეხვედრაზე, როდესაც ჟურნალისტებთან იყო შეხვედრაზე. კონკრეტული პასუხი იყო, რომ პასუხისმგებლობას იღებს გიორგი გახარია,“-განაცხადა კახა კალაძემ.
გიორგი ყაყიჩაშვილი სწორედ ის სპეცრაზმელია, რომელიც დემონსტრანტების მტკიცებით, 20 ივნისის აქციის დროს განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყაყიჩაშვილი გათავისუფლებული არ არის და მას უფლებამოსილება მხოლოდ დროებით, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.