20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. მათ შორის არის "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. თუმცა უცნობია, როდის მოხდება მათი გამოკითხვა.
გიგი უგულავა ,,ევროპული საქართველოს" წევრებთან ერთად, გვიან ღამით გერმანიაში გაემგზავრა. ის თბილისში კვირას დაბრუნდება.
უგულავას განცხადებით, მზად არის გამოკითხვაზე საქართველოში დაბრუნებისთანავე მივიდეს, თუმცა ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი პროკურატურაში გამოკითხვაზე უარს ამბობს, მანამ, სანამ, საქმის ფარგლებში თავად შს მინისტრს არ გამოკითხავენ.
გიგი უგულავა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გუშინ იყო დაბარებული, თუმცა მან უწყება არ ჩაიბარა.
"გამოძიების მიმართ ნდობა ბუნებრივია ნულოვანია, შეუძლებელია ენდო იმ გამოძიებას, რომელიც არც კი ცდილობს პასუხი გასცეს, მაკო გომურს ვინ ესროლა, ადამიანები ვინ დაასახიჩრა. სანამ გახარიაა თანამდებობაზე და სანამ არ გვეცოდინება ჩვენ დეტალები ვინ გასცა ბრძანება, იმ ადამიანების სახელები და გვარი, ვინც ადამიანებს სახეში რეზინის ტყვიები ესროლა, მანამდე ყველა გამოძიება არის ტყუილი და ფარისევლობა,"-აცხადებს გიგი უგულავა.