„განცხადებები გაკეთდა ჩვენი მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ასეთ დროს,“ - ასე ეხმაურება პრემიერი, მამუკა ბახტაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანის მონოლოგის შემდეგ, მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობის გამოხმაურებას.
მამუკა ბახტაძის თქმით, გაბუნიას განცხადების შემდეგ, რომელმაც ვლადიმერ პუტინის მიმართ უცენზურო გამონათქვამები გამოიყენა, მთავრობის წევრებმა შესაბამისი განცხადებები გააკეთეს.
„განცხადებები გაკეთდა ჩვენი მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ასეთ დროს. აქ შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა ამ დესტრუქციულ ძალას რა ამოძრავებს, მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი გიორგი გაბუნიას გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის მიზანს, ეროვნული ინტერესების დაზიანება წარმოადგენს.
„ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბელადი მხრიდან. ეს ჩვენ ვიხილეთ გუშინ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს, გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანი გახლავთ, რომ მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია. მოახდინონ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ეს არავის არ გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - განაცხადა ბახტაძემ.
გაბუნიას მონოლოგის შემდეგ, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებს, ხელისუფლების პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთეს და უსწრაფესი რეაგირება მოითხოვეს. განცხადებები გააკეთეს ქვეყნის პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და "ქართული ოცნების" ლიდერებმა. რეაგირება მყისიერი და სწრაფი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი მიმართა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა კი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საავტორო გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი დაარღვია.