"4.5 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც გამოყვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ომის შემდეგ. ამან შეაძლებინა ხელისუფლებას, ეს იყო რეალურად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა და არა ხელისუფლების ძალისხმევა," - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეროვნული ასეთი გაუფასურებული 2008 წელს, საომარი მოქმედებების დროსაც კი არ ყოფილა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ომის პერიოდში, საქართველოს დასავლელმა პარტიორებმა ქვეყანას 4.4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყვეს.
ლარის რეკორდულად გაუფასურებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ პრობლემა ქვეყანაში მოგვარდეს.
„თქვენ გახსოვთ, რამდენად მძიმე იყო 2008 წლის ომის შედეგები და რამ გამოგვიყვანა იმ მძიმე მდგომარეობიდან სახელმწიფო, რომელშიც ის იყო ჩაყენებული. ეს იყო დაახლოებით 4.5 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც გამოყვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ომის შემდეგ. ამან შეაძლებინა ხელისუფლებას, ეს იყო რეალურად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა და არა ხელისუფლების ძალისხმევა. ამან შეაძლებინა ჩვენს ქვეყანას, რომ გამოსულიყო ეკონომიკური კრიზისიდან და მათ შორის სტაბილურობა უზრუნველყო ლარის კურსის. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, გასაკვირი არ იყო ის, რომ ეს გართულება რაც შეიქმნა ამ მძიმე პროვოკაციის შემდეგ, გამოიწვევდა შესაბამის შედეგებს ლარის კურსის კუთხითაც, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ პროცესებს და ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ იმ სტატუს კვოს, რომელიც გვქონდა ერთი თვის წინ. ჩვენ გვაქვს ბუნებრივია ყოველდღიური კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ყველა ეს პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ვალუტასთან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.