გიორგი გახარია აქციის მონაწილეებს ინგა გრიგოლიას სტუდიის უკანა კარიდან გაეპარა. სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრის და საუბრის სურვილი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის არ ჰქონია.
მანამდე კი, შეძახილებით შინაგან საქმეთა მინისტრს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შენობასთან დახვდნენ. ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას უკვე 22 დღეა ითხოვენ, ტელეკომპანიასთან მივიდნენ.
მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია შს მინისტრს აკრიტიკებს, რომელიც ცენტრალური გამოსასვლელიდან არ გამოვიდა. დანელიას თქმით, თუ გახარია არ გადადგება, „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში ვერ მოიპოვებს გამარჯვებას.
დანელია ამბობს, რომ შს მინისტრი შესაძლოა გადაეფარა ბიძინა ივანიშვილს.
„დღეიდან ჩვენ გვყავს მშიშარა შს მინისტრი, მან ვერ გაბედა ცენტრალური გამოსასვლელიდან გამოსვლა, მან ვერ გაბედა მოქალაქეებისთვის ჩაეხედა ცალ თვალში და იქ ეთქვა თავის სათქმელი. ეს არის მხდალი ადამიანი, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებთან საუბარი შეუძლია მხოლოდ რეზინის ტყვიებით,“ - განაცხადა დანელიამ.
შს მინისტრმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში საუბრისას კვლავ მომიტინგეები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი პარლამენტში შტურმით შესვლას ცდილობდნენ. მისივე თქმით, მოქალაქეების დარბევის ბრძანებას ხელი მან მოაწერა.