„24-ე დღეა, პროკურატურის წარმომადგენელი ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით გვიკითხავს ერთი და იგივე ზღაპარს,“ - ეს განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
ნიკა მელია პროკურატურის მიერ ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის საქმეში მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს.
ნიკა მელია და მისი ინტერესების დამცველი აცხადებენ, რომ პროკურატურა დამონტაჟებული ვიდეომასალით ცდილობს საქმის შეკერვას.
„24-ე დღეა, პროკურატურის წარმომადგენელი ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით გვიკითხავს ერთი და იგივე ზღაპარს. ნამდვილად, გულახდილად ვამბობ, ყოველ შემთხვევაში, მე ამ ტონალობით და ამ მანერით ვუკითხავ მე ჩემს ბავშვს ძილის წინ ზღაპარს. ამ ნაწილში ჩემს თავს მაგონებს, უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ ის არის პროკურატურის წარმომადგენელი და სახელმწიფო ამბოხს და გადატრიალებას გვაბრალებს. კომიკურია, არა უფრო ტრაგიკულია, ალბათ, პროკურატურის მდგომარეობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოვაქვეყნე უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც საპირისპირო რამ ჩანს, ვიდრე პროკურატურა და მისი პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ, თითქოს მყისიერი საფრთხე რახან არსებობს პარლამენტში შეჭრისა, ამიტომ დავიწყეთ დარბევაო და იმ კადრებშიც ჩანს ძალიან კარგად, რომ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი არ ხდებოდა არანაირი შეხლა-შემოხლა და არანაირი აუცილებლობა და საჭიროება იმისა, რომ თვალები დაეთხარათ და გაზი გაეშვათ და დილის 06:00 საათამდე დევნა განეხორციელებინათ, არ იყო. მთავარი, რაც პროკურატურამ უნდა ქნას, კი არ უნდა ისაუბროს ამდენი, კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები უნდა დადოს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომლის ქრონომეტრაჟი, დაახლოებით, სამი წუთია, ნაჩვენებია სხვადასხვა ტელევიზიაში გასული კადრები, რომელიც 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ასახავს.
პროკურატურის ვიდეომასალაში ასევე მოხვდა აქციიდან ერთი ფრაგმენტი, ოღონდ არასრული ვერსიით. ამის საფუძველზე აცხადებს ადვოკატი, რომ პროკურატურა ცდილობს, ფრაგმენტულად უჩვენოს საზოგადოებას 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები.
დღესვე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე „კურიერის“ კითხვა, უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები თუ არის ამოღებული, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა უპასუხოდ დატოვა.