„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე IRI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა. ბურჯანაძე აცხადებს, რომ არის თუ არა კვლევის შედეგები სანდო, მმართველი გუნდისთვის მხარდამჭერთა 26%-იანი მაჩვენებელი, მაინც „ცუდი ციფრია.“
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ დღეს რომ ჩატარებულიყო კვლევა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კიდევ უფრო ნაკლები მაჩვენებელი იქნებოდა.
„ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ამ კვლევებს, რომელიც სინამდვილეში არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან, ნამდვილად ჩემთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ ვენდობი ჩემთან მიმართებაში და ჩემს პარტიასთან მიმართებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ვენდობი სხვა პარტიებთან მიმართებაშიც. რაც შეეხება ოცნებას, მას გარკვეული რაოდენობა მხარდამჭერების ბუნებრივია ჰყავს, მაგრამ 26 %-იც კი რომ ავიღოთ სანდოდ და საიმედოდ, ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე ციფრია. დღეს რომ ჩატარებულიყო ეს კვლევა, ობიექტურად, ალბათ კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კვლევა გავრილოვის ღამემდე, 5 დღით ადრე დასრულდა და ამ შედეგების მიხედვითაც კი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 26%-ს არ აღემატება. ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს მოვლენები მოსახლეობის განწყობებს კიდევ უფრო შეცვლის.
„ბოლო პერიოდის მოვლენები, ბუნებრივია, განწყობებს ცვლის და ეს მოვლენები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით, მე ვგულისხმობ გავრილოვის ეპიზოდს, ძალიან მძიმე პროცესებს, ბუნებრივია ეს აისახება განწყობებზე და მე არ მიკვირს, რომ ეს ტენდენციები კრიტიკული ჩანს. მე მგონი, არ არის კარგი ბრძოლა კვლევებთან, საჭიროა ამ ტენდენციებს შეხედონ პოლიტიკურმა პარტიებმა იმ პრობლემების ჭრილში, რაც არის და დავინახოთ, რა უნდა გაკეთდეს,“ -განაცადა ეკა ბესელიამ.
IRI-ის ის კვლევის შედეგებს ეხმაურება ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე. მამუკა კაციტაძე "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევის შედეგებს ლოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ 7-წლიანი მმართველობის შემდეგ, გარკვეული ცვლილებების დრო მოდის.
„ეს მონაცემები არის აბსოლუტურად ლოგიკური. 7 წელი არის საკმაოდ დიდი დრო, იმისთვის, რომ სერიოზულად დაიწყოს სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის რეიტინგის ვარდნა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე ხდება ყველგან, ასე ხდებოდა საქართველოში. რაც არ უნდა გავლენიანი და რეიტინგული ხელისუფლება არ უნდა ყოფილიყოს, 7 წელი უკვე არის ის, რომ ცვლილებების დროა. ამიტომ, ის 26%-იც აბსოლუტურად ლოგიკურია, ის, რომ არის გამოკვეთილი რეიტინგის მატარებელი პარტიები, ესეც ლოგიკურია,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
IRI-ის კვლების შედეგებს ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი.
„ცალსახად შეიძლება ითქვას ის, რომ კვლევა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი და არის გარკვეული მონაცემები, სავარაუდოდ, დიდი ცვლილებები იქნება იმ მიმართულებით, რომ ხელისუფლების რეიტინგი ალბათ კიდევ უფრო მეტად იქნება დაცემული და ოპოზიციის აწეული. ასევე, ალბათ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაღაც ნაწილიც იქნება გაზრდილი. ეს არის სავარაუდოდ დღეს რეალური სურათი, რომელიც იძლევა ამ კვლევას პლუს 20 ივნისის მოვლენები,“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
IRI-ის ოფისში, არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს, ამ წუთებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგებს აცნობენ.
ბოლო რეიტინგები აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის მხარდაჭერას და კარგავს. „კურიერმა“ მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI-ის არ გაუსაჯაროებია. კვლევა დასრულდა გავრილოვის ღამემდე 5 დღით ადრე და ამ შედეგების მიხედვითაც კი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 26%-ს არ აღემატება. მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ რეიტინგი 7%-ია, „პატრიოტთა ალიანსის“ 5%, ასევე 5% აქვს „ლეიბორისტულ“ პარტიას. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა.