"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში - გიორგი ლომიამ ვლადიმერ პუტინს მადლობა საჯაროდ, არაფორმალურ შეხვედრაზე გადაუხადა. მთავარი განსახილველი თემა 20 ივნისის მოვლენები იყო. პირისპირ დიალოგის დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს უხსნიდნენ, რა და რატომ მოხდა პარლამენტის შენობაში თუ მის გარეთ. გიორგი ლომია არწმუნებდა რუს კანონმდებლებს, რომ გავრილოვის პარლამენტში მისვლა აღშფოთებულმა და გაბრაზებულმა საზოგადოებამ კი არ გააპროტესტა, არამედ ეს ყველაფერი იყო დესტრუქციული ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია.
დსთ-ეს კომიტეტის თავმჯდომარეს არ დაუმალავს, რომ რუსეთის ყველა გადაწყვეტილების მიზანია აიძულოს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნებს შორის დაახლოების პროცესში ნაბიჯი გადადგას. რუსეთი კი თავის მხრივ მზად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღსადგენად.
არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრი ესწრებოდა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პუტინის მიერ დაწესებული ავიაშეზღუდვებიც განიხილეს.
ადა მარშანიამ მორიგ არაფორმალურ შეხვედრაზე, ოკუპანტ ქვეყანას სთხოვა დაეხმაროს, რომ აფხაზებსა და ოსებთან პირისპირ დიალოგი აწარმოონ. მისი თქმით, რუსეთი ამ ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ადა მარშანიამ რუსი კოლეგებისგან თანხმობაც მიიღო.
„პატრიოტთა ალიანსმა“ სათათბიროში შეხვედრები დაასრულა, თუმცა დააანონსა, რომ მოსკოვში ისევ ჩავლენ და ისევ გამართავენ დიალოგს სათათბიროს დეპუტატებთან.