ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ. ოპოზიციის წევრები ელჩებს ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით მათ ხელთ არსებულ ვიდეომასალებს და მტკიცებულებებს მიაწვდიან.
ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობს, რომ დიპლომატებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რეალური სურათი უნდა იცოდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ხელისუფლებას ვერსიას თავდაყირა დააყენებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი დიპლომატებთან საუბარს დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებაც აპირებს. სამადაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია მშვიდობიანი იყო და ოპოზიციის წევრების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
სამადაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ საქმეს ხელისუფლება არ და ვერც გამოიძიებს.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი ეს არის, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს გავაცნოთ ის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ არანაირი საფუძველი სახელმწიფოს არ ჰქონდა აღეძრა სისხლის სამართლებრივი დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ. კერძოდ, ჩვენ მათ ვაჩვენებთ ყველა იმ ვიდეოჩანაწერებს, იმ საბუთებს, რომელიც დღემდე არის ჩვენს ხელთ და ამასთან ერთად გავაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს ჩვენს ინიციატივას, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს კონკრეტულად ყველა კომპონენტს, რაც წინ უძღოდა გავრილოვის ვიზიტს, შემდგომ გავრილოვის ღამეს და ა.შ. იმიტომ, რომ ერთი რამ ნათელია, გახარია, ჯერ ეს ერთი, არ აპირებს გადადგომას და მეორეც, რომც არ გადადგეს, დღეს სახელმწიფოს არ აქვს რესურსები, რომ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს ამ საქმეზე,“- განაცხადა სამადაშვილმა.