კოალიციური მთავრობა - ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, კოალიციური მთავრობის ფორმირებით დასრულდება.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება მესამე ძალის ირგვლივ მოხდეს. მისი აზრით, ეს მესამე ძალა კი შესაძლოა, მამუკა ხაზარაძის ახალშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს.
„პროპორციული არჩევნების შემთხვევაში მთელი რესურსების მონოპოლიზებაც რომ მოახდინოს ხელისუფლებამ და მაქსიმალურად რომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, კოალიციური მთავრობა მაინც გარდაუვალია. ვის ირგვლივ მოხდება კოალიციური მთავრობის ფორმირება ეს ჯერ რთული სათქმელია, მით უმეტეს თუ, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირებას, რაც შეცვლის სურათს და შეცვლის სურათს ისევ და ისევ ხელისუფლების საზიანოდ.
საინტერესო ამ არჩევნებზე იქნება ის, რომ ოქროს გასაღებს დაიჭერს ვინმე მესამე, ეს ოქროს გასაღები არ იქნება არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" ხელში. ვიღაცას ექნება ეს ოქროს გასაღები და იქნება მანევრი. ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს, იქით გადაიხრება და ასე გადაწყდება ძალაუფლების ბედი. ეს შეიძლება იყოს მამუკა ხაზარაძის პლატფორმა. ორივეს დასჭირდება, ვინც მეტს შესთავაზებს, ეს იქნება ერთგვარი საარჩევნო აუქციონი,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.
დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმაც არ გამორიცხა პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირება.