მე მეგონა, თქვენ პროქართული არხი იყავით, - “რუსთავი 2” - ის ჟურნალისტის მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დასმულ შეკითხვას, დამოუკიდებელი მედიის შესახებ, სერგეი ლავროვმა უპასუხა.
ჟურნალისტის განცხადების შემდეგ, რომ ის პროდასავლურ მედიას წარმოადგენს, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ცინიკურად შენიშნა, რომ მას ის პროქართული ეგონა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2”-ის დასჯას ითხოვდა. დღეს კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, თუმცა ამტკიცებს, რომ მოსკოვს სურს ქართველი ხალხის მეგობარი იყოს.
“როდესაც ჩემს გერმანელ კოლეგას ეკითხებით, თუ რას ფიქრობს ის საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური მედიის არსებობის შესახებ, თქვენ გგონიათ რომ მხოლოდ პროდასავლური მედია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი?
„კურიერის“ ჟურნალისტი: მე აღვნიშნე, რომ ჩვენი არხი არის პროდასავლური.
ლავროვი: მე მეგონა, თქვენ პროქართული იყავით. მე, არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ მესაკუთრეობასთან დაკავშირებით.
ეს საქართველოს შიდა საკითხია, თქვენ გაქვთ თქვენი კანონმდებლობა, და ყველა შიდა საქმე უნდა გადაწყდეს კანონის შესაბამისად“.