ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი პროკურატურას ოქრუაშვილის ჩვენებების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ გუშინდელი ინტერვიუ ოქრუაშვილის ძველი ჩვენებისგან რადიკალურად განსხვავებულია.
„პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებები, რომელიც მას აქვს მიცემული პროკურატურისთვის, ორი ჩვენება აქვს მიცემული და ეს ჩვენებები დიამეტრალურად საწინააღმდეგოა იმისა, რაც ილაპარაკა მან გუშინ. მან მიიღო დავალება, ისევე, როგორც სხვა პირებმა იმდროინდელი ხელისუფლების. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ შედგა სქემა და ამ სქემის მიხედვით მოხდა წართმევა და დანარჩენი წერია იქ, ყველაფერი... მას აქვს, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მიცემული თავის ჩვენებაში,“ - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
პარალელურად, აქიმიძეც და დვალიც ქიბარ ხალვაშის მხრიდან შეთავაზებას ამ დრომდე ელოდებიან. საკუთარი პოზიციის წარმოდგენას საზოგადოებისთვის "რუსთავი ორის" დამფუძნებლები ხვალ, ბრიფინგზე აპირებენ.
შეასრულებს თუ არა ქიბარ ხალვაში 2017 წელს დადებულ პირობას, რომ დვალი უნდა ყოფილიყო "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და მას და აქიმიძეს უნდა გადასცემოდათ ტელეკომპანიის 50%-იანი წილი, ამ დრომდე ბუნდოვანია.