თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოქრუაშვილი საქართველოშია - მან „შაბათის კურიერს“ ინტერვიუ მისცა და დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაფორმდა „რუსთავი 2“ ვარდების რევოლუციის შემდეგ.
ოქრუაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2004 წელს, სამაუწყებლო კომპანიის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშს არასდროს უწარმოებია და ამ პროცესში ის თავად იყო ჩართული.
„ის "რუსთავი 2"-ს ვერცერთ შემთხვევაში და ვერასდროს შეიძენდა, რომ არ ყოფილიყო მის უკან გარკვეული სახის ზურგი, ეს ზურგი ვიყავი მე ეს ზურგი იყო ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენდი. "რუსთავი 2"-ის ყველა მოლაპარაკება იყო ნაწარმოები ჩემს მიერ ეროსი კიწმარიშვილთან იმის გამო, რომ მასთან მაკავშირებდა საკმაოდ ახლო და საქმიანი ურთიერთობა და ასევე მის პარტნიორებთან, დვალთან და აქიმიძესთან და დეტალებზეც შემიძლია ვისაუბრო,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ის შეხვდა ასევე, დვალს და აქიმიძეს, მათ შორის, ჯემალ იმნაიშვილის თანდასწრებითაც, რომელიც ოქრუაშვილის თქმით, მათთან მოლაპარაკებებში ეხმარებოდა.
„დვალს და აქიმიძეს შევხვდი არაერთხელ, ერთხელ შევხვდი რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, ერთხელ შევხვდი ჯემალ იმნაიშვილის თანდასწრებით, რომელიც იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი და მე გამოვიყენე ეს პიროვნება მომლაპარაკებლად მათთან მიმართებით, ახლოს იყო მათთან და მე გამოვიყენე ჯემალ იმნაიშვილი მათთან მომლაპარაკებლად, გარკვეული სახის ნდობა რადგან გააჩნდა და მისი ხელით გადავეცი ფული,“ - ამბობს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილი ამბობს, რომ დვალთან და აქიმიძესთან რთული აღმოჩნდა მოლაპარაკება. მისივე თქმით, დღეს აქიმიძე-დვალის საუბარი, რომ მათ წილები წაართვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არცერთ დროს, არცერთ მოლაპარაკებაში, ისევე, როგორც შემდგომ კომპანიის მართვაში, თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ გამონათებას... მას არ გადაუხდია არცერთი თეთრი საკუთარი ფული და მას არ უწარმოებია მოლაპარაკება არავისთან. დვალთან და აქიმიძესთან მოლაპარაკების მთელი ინტრიგა მდგომარეობდა ერთ რამეში, ეროსი კიწმარიშვილს სურდა, რომ ჯერ მათთან მოგველაპარაკა, ის თანახმა იყო თავის წილის გაყიდვაზე, 30 პროცენტს ფლობდა და თუ დვალი და აქიმიძე დათანხმდებოდნენ და ჩვენ დავითანხმებდით, შემდეგ ისიც დათანხმდებოდა. დვალთან და აქიმიძესთან საკმაოდ რთული აღმოჩნდა მოლაპარაკება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს, 2 მილიონ დოლარამდე ამ ყველაფერში, 60-პროცენტიან წილში. ასე, რომ დღეს მათი მხრიდან, გარკვეული სახის წუწუნი, კაპრიზი თუ რა დავარქვა, რომ თითქოს, მათ წილები წაართვეს, ეს არის ზღაპარი,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ის წილების მისაღებად მან ანგარიშსწორება ნაღდი ფულით გააკეთა. მისივე თქმით, „რუსთავი 2“, რომ აქიმიძე-დვალსა და კიწმარიშვილს ბადრი პატარკაციშვილისთვის არ მიეყიდათ, „ბეს“ სახით ერთ-ერთ მის კუთვნილ კომპანიაში არსებული წილები დათმო.
„ეს ფული იყო ნაღდი ფული - მილიონ 200 ათასი დოლარი, ჩემი ხელით იქნა გაგზავნილი ჯემალ იმნაიშვილის მეშვეობით მათთან და ჯემალ იმნაიშვილი ამას ადასტურებს პროკურატურაში გამოკითხვის ჩვენებაში და მეორე, ეროსი კიწმარიშვილთან, დვალთან და აქიმიძესთან გაცილებით ადრე მაკავშირებდა მე საქმიანი ურთიერთობა, დაახლოებით, 2000 თუ 2001 წლიდან, როდესაც მათ დაარსეს კომპანია „ჯორჯია ონლაინი.“ 2000 თუ 2001 წელს, ეროსი კიწმარიშვილი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ამ ახალი კომპანიისთვის მათ სჭირდებათ ფული და თანახმა ვარ თუ არა მე, შევიძინო ამ კომპანიის 10 პროცენტი. ვყიდულობ ამ კომპანიის 10 პროცენტს, ვაფორმებ საკუთარ მამიდაშვილზე, ბესიკ კასრაძეზე, საჯაროა ეს ინფორმაცია, არსად დამალული არ არის და ვუხდი ამაში არცთუ ისე ნაკლებ თანხას, შემდეგ ეს კომპანია დიდდება, იზრდება და ა.შ. და ბუნებრივია, გარკვეული სახის ურთიერთობა ამ კომპანიის წილის მფლობელობიდან გამომდინარე, მე მათთან მაკავშირებდა, მაგრამ 2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებისთანავე, ეროსი კიწმარიშვილს, როდესაც გაუჩნდა ფინანსური პრობლემები და გარკვეული სახის მოტივაცია, რომ კომპანია „რუსთავი 2“ გაეყიდა, სულზე მივუსწარი მე მას, როდესაც „ნიუს კორპისგან," რომლის უკანაც ბადრი პატარკაციშვილი იდგა, აღებული ჰქონდა ბეს სახით 800 ათასი დოლარი და უკვე შეთანხმებული იყო მათთან კომპანიის გაყიდვაზე, ისე, რომ დვალიც და აქიმიძეც ამ მოლაპარაკების მონაწილეები იყვნენ და მისთვის დასტური მიცემული ჰქონდათ. ამ დროს მივდივარ მე მათთან და ვეუბნები, დააბრუნეთ ეგ ფული უკან, მე მოგცემთ ჩემს 10 პროცენტს უსასყიდლოდ, რომელიც „ჯორჯია ონლაინში“ გამაჩნია და მაშინ კომპანიის კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 8 მილიონ დოლარს წარმოადგენდა და შესაბამისად, ჩემი წილი, 10 პროცენტი, რაც არის, გასაგებია, ამას გიტოვებთ მე თქვენ „ბედ“ და დანარჩენ თანხას გადაგიხდით გარკვეული დროის შემდეგ. ამის შემდეგ, გარკვეული თვეების განმავლობაში, ჩვენ მათთან გარიგება დავასრულეთ, ფული გადავუხადეთ და ამით ყველაფერი დამთავრდა. იყო გარკვეული სახის პრეტენზიები სულ, რომ იქნებ ეს ბიზნესი დაგვითმოთ, იქნებ ის ბიზნესი მოგვცეთ და ისეთი სახის მოთხოვნები ჰქონდათ, შეიძლება ჭკუიდან გადასულიყავი ადამიანი. ითხოვდნენ ჯოხთაბერიძის "მაგთიკომს," ითხოვდნენ რკინიგზას, დვალიც, აქიმიძეც და ყველა სხვა დანარჩენი,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილისთვის გაუგებარია დვალისა და აქიმიძის ბრალდებები, რომ თითქოს მათ „რუსთავი 2“ ზეწოლითა და ტერორით დაათმობინეს. მისი თქმით, მოლაპარაკების სახით შეძლო მათგან სამაუწყებლო კომპანიის ყიდვა.
„რაში გამოიხატება, შევავიწროვეთ, შევაწუხეთ, ვინმე დავიჭირეთ თუ რა გავაკეთეთ. "რუსთავი 2" ფინანსურად იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომ არა კიწმარიშვილის გადაწყვეტილება, გაეყიდა „რუსთავი 2“ „ნიუს კორპზე“, კიდევ შეიძლებოდა ვიღაც ძალიან ჩამძიებელ ადამიანს ეფიქრა, რომ ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ისინი ჩვენამდე ყიდიდნენ კომპანიას, შესაბამისად, ჩვენ როგორც მყიდველებმა მივუსწარით და შევთავაზეთ კარგი პირობები,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.
კითხვაზე, თუ რა ინტერესი იყო მაშინდელი ხელისუფლების "რუსთავი 2"-ის მიმართ, ოქრუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით სამაუწყებლო კომპანია მუდმივად ფლაგმანი იყო.
„რუსთავი 2" იყო მაშინაც, "რუსთავი 2" არის დღესაც და "რუსთავი 2" იქნება ხვალაც, ფლაგმანი ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით, ისე თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის თვალსაზრისით, აზრის გამოხატვით და სხვა კუთხით,“ - ამბობს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსულ მაშინდელ გუნდს უნდოდა, ჰქონოდა მედია, რომელის „იმედს“ დააბალანსებდა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ მას მოუწია, რომ სამაუწყებლო კომპანია დაეთმო გუნდისთვის.
„ახალი ხელისუფლების ინტერესი იყო, რომ ჰქონოდა მედია, რომელიც დააბალანსებდა პატარკაციშვილის „იმედს“, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები, გარკვეული სახის ინტერესები ჩნდებოდა, გაჩნდებოდა უფრო სწორად, თუ ამ კომპანიის პირდაპირი მყიდველი ვიქნებოდი მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. მე მქონდა ძალიან მარტივი არჩევანი, რომ მომეძებნა ადამიანი, რომელიც იქნებოდა გარკვეული ბიზნეს ბექგრაუნდის მატარებელი, ასე, რომ ხალვაში იყო ყოველთვის ნომინალური პირი, ყოველთვის ფიქტიური პიროვნება იმ ტიპის გარიგებებში, რაც დაახლოებით, "რუსთავი 2"-ს შეიძლება შეეხებოდეს. არასდროს მე არ მომისმენია ერთი რამ, როდის, რა ეტაპზე და რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხალვაში დვალთან, აქიმიძესთან თუ კიწმარიშვილთან წილების შეძენაზე, იმიტომ, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, რეალური პიროვნება ვიყავი მე და ვინმეს უნდა ამის აღიარება, თვალის დახუჭვა თუ არა, ფაქტი ასეა, ის ამას არასდროს არ უარყოფდა, რომ "რუსთავი 2" იყო „ჩემი საკუთრება“. 2006 წლამდე, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში და მანამდეც, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა მე სააკაშვილთან და ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ რეალური მესაკუთრე "რუსთავი 2"-სა მე ვიყავი, "რუსთავი 2" ითვლებოდა გუნდის ინტერესების გამომხატველად, მოდით ასე დავარქვათ. როდესაც მივდივარ ეკონომიკის მინისტრობიდან, ცოტა უცნაური პროცესები განვითარდა მაშინ, კიევში ვიყავი ოფიციალური ვიზიტით და იქიდან გამოვგზავნე გადადგომის განცხადება, ამ დროს იწყებს სააკაშვილი ხალვაშის დაბარებას და თქმას, რომ "რუსთავი 2" უნდა გადმოგვიფორმო და ხალვაში ეგრევე მირეკავს მე, ეს შენია და შენ უნდა გადაწყვიტო. ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან მარტივი - მიეცი, იმიტომ, რომ მე მათთან ურთიერთობა დავამთავრე, ხალვაში ჩემ გარეშე ამ საკითხსაც ვერ გადაწყვეტდა ვერასდროს, მე რომ წინააღმდეგი წავსულიყავი... არასამართლიანად დაათმობინეს, მაგრამ არა მას, არამედ მე, ძაღლის თავი ამაშია დამარხული,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის თქმით, უკვე 2016 წელს ის ყიდულობს ასევე „მაესტროს“ წილებს და ამასაც კვლავ ნომინალურად, ქიბარ ხალვაშის სახელზე აფორმებს და ეს ხელშეკრულება მისი თქმით, ბერლინში ფორმდება. ბერლინშივე ხდება იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის არასდროს ყოფილა და რომ ის იყო ნომინალური მფლობელი.
„2010 წელს კიწმარიშვილი მთავაზობს მაესტროს წილების შეძენას და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ მე არ შემიძლია ამ წილების ჩემზე გაფორმება, ხალვაში მიმყავს ნოტარიუსთან ბერლინში და ვაფორმებთ მაესტროს წილებს, ვბრუნდებით სახლში მასთან, მაესტროს მედიის მართველი კომპანიის მეწილე ხდება, 50 პროცენტის 2010 წლის 4 თებერვალს, როდესაც არის დათარიღებული ის ხელშეკრებულება, რომლის მიხედვითაც მე "რუსთავი 2"-ზე პრეტენზია გამაჩნია. იმავე დღეს, ჩვენ ვაფორმებთ ამ ხელშეკრულებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და ყველა იმ ვალის აღიარებას, რომელიც მას ჩემთან მიმართებაში გააჩნია. იმაზე ძახილი, რომ ეს არ არის მისი ხელმოწერა, ეს არის გაყალბებული, მოდით ასე ვთქვათ, რა, ბავშვი არ ვარ და მშვენივრად მესმის, რა ტიპის ხაფანგში შეიძლება შეხვიდე ადამიანი, თუ რამე "ფეიკთან" გაქვს საქმე. 8 თვეა, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი დოკუმენტის დედანი იმისთვის, რომ დადგინდეს მისი ხელმოწერის ნამდვილობა, 8 თვის განმავლობაში ექსპერტიზა, სასამართლო მას სთხოვს, რომ გამოცხადდეს სამხარაულის ბიუროში იმისთვის, რომ დატოვოს ხელმოწერები ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის შესადარებლად, რომ იდენტურობა დადგინდეს, ყალბია თუ არ არის ყალბი. როდესაც ეს კითხვები დასვეს, ბუნებრივია, მე მივუტანე სასამართლოში დედანი და ვუთხარი, "აგერ ბატონო, არ გჯერა, ჩემს მიერ ჩატარებული სამი ექსპერტიზის? ერთი საფრანგეთში, ორი საქართველოში, კი ბატონო, ჩაატაროს სახელმწიფო უწყებამ სახელმწიფო უწყებაში." 8 თვის განმავლობაში, ეს ადამიანი ვერ მიიყვანეს იმისთვის, რომ 3 ხელმოწერა გააკეთოს, რომ ექსპერტმა მერე სამი ხელმოწერა შეადაროს,“ - ამბობს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილის თქმით, "რუსთავი 2"-ის დღევანდელი სახით შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის მზად არის, რომ სამაუწყებლო კომპანიის წილის 80 პროცენტი 10 "რუსთავი 2"-ელს გადაუფორმოს.
„ამ ფორმატით რუსთავი 2-ის შენარჩუნება, ეს არის სასიცოცხლო, მე ამას პირდაპირ ვიძახი მარტივ რამეს - რუსთავი 2 არის არა ვინმე ერთი დამფუძნებლის, ან ორის, ან სამის, კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, რუსთავი 2 არის თითქმის ყველასი და ყველას გადარჩენას ემსახურება. თუ ეს ტელევიზია დაიხურება, შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას, გააკოტრებენ და ამას აპირებენ, მე როგორც ვიცი, მაშინ, გაცილებით რთულად იქნება პოლიტიკური პროცესები, გაცილებით გართულდება ჩვენი ცხოვრება, ქვეყნის მომავალი და ამის წინააღმდეგ ვიბრძვი მე. მე არ მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ რუსთავი 2-ის მესაკუთრე გავხდე, ამის გამო მაქვს ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიღებული - მე ვაპირებ, რომ რუსთავი 2-ის მოთხოვნის 80 პროცენტი და როდესაც მოთხოვნა წარმატებით დასრულდება, ეს გახდება წილის 80 პროცენტი, გადავცე 10 რუსთავი 2-ელს და მინდა, რომ ისინი ითვლებოდნენ ამ პროცესის მონაწილეებად იმიტომ, რომ მათ გაცილებით კარგად ესმით, ერთი, ამ ტელევიზიის ფასეულობა, მათთვის ეს არის დაახლოებით, შვილის ტოლფასი და მათ გაცილებით მეტად გაუადვილდებათ ამ ბრძოლაში მონაწილეობა იმის გამო, რომ კითხვები არ იყოს, რომ ეს იქნება დღეს ხალვაშის, ხვალ იქნება ოქრუაშვილის და ა.შ., ეს იქნება მათი და გაცილებით მეტად უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას, ვიდრე შეიძლება ჩემი საკუთრების პირობებში. არავინ თვალში ნაცარი არ შეიყაროს და არ დაიჯეროს ის, რომ ამ პროცესის უკან ივანიშვილი არ იდგა და ხალვაშს შეეძლო სამი ინსტანციის მოგება და ამ პროცესის ასე წარმართვა, რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა,“ - ამბობს ოქრუაშვილი.