„სიყალბე ხომ უნდა დადგინდეს ექსპერტიზაზე, მივიდეს ექსპერტიზაზე ხელმოწერის ნიმუშები დატოვოს, ექსპერტმა თქვას, რომ ყალბია და მერე ვიდავოთ ამაზე,“ - ამ განცხადებით გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურაში მის წინააღმდეგ განცხადების შეტანას.
საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომელმაც პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა და ირაკლი ოქრუაშვილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში დაადანაშაულა.
ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის პასუხად ამბობს, რომ ჯერ უნდა დადგინდეს, რომ დოკუმენტები ყალბია და ამის შემდეგ დაიწყოს გამოძიება.
„სიყალბე ხომ უნდა დადგინდეს ექსპერტიზაზე, მივიდეს ექსპერტიზაზე ხელმოწერის ნიმუშები დატოვოს, ექსპერტმა თქვას, რომ ყალბია და მერე ვიდავოთ ამაზე. ამირან გულში მღეროდაო, ასე, ხომ არ არის. სანამ ექსპერტიზა არ დაადგენს დოკუმენტი ყალბია თუ არა, სასაცილოა ასეთი განცხადება,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, სამმა ექსპერტმა, მათ შორის, ერთმა უცხოელმა, უკვე დაადასტურა, რომ დოკუმენტზე, რომელიც "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს, ხელმოწერა ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.
„გამორიცხულია, ექსპერტს, რომელიც ამაზე ხელს მოაწერს, მოუწევს თავისი პოზიციის დასაბუთება იმ დანარჩენ სამ ექსპერტთან და მათ შორის, ამ საქმის უდიდეს სპეციალისტთან, ამ საქმეში "როლს როისთან," პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტთან დავა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს არის ნამდვილად მისი ხელმოწერა, ჩემი მოგონილი არ არის ეს, დანარჩენ კიდევ ორ ქართველ ექპერტს აქვს დადასტურებული მისი ხელმოწერა. მან მშვენივრად იცის, რომ ეს არის მისი ხელმოწერა და ამის გამო არ მიდის სასამარლოში ამდენი ხანია,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.