ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი დაიწყო - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია TBC ბანკის საქმეზე პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს.
ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, ჩაშალოს ანაკლიის პროექტი და მეორე მხრივ, შეაჩეროს პოლიტიკურ ასპარეზზე კონკურენტის შემოსვლა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სახით.
„პროკურატურამ, ფაქტობრივად, დაიწყო დევნა ჯაფარიძის და ხაზარაძის წინააღმდეგ. ერთი ეს იყო ხაზარაძის განაცხადი, რომ ის აპირებს პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას და მეორე, ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ცქიტიშვილის განცხადება, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება. ანუ დაადასტურა, ფაქტობრივად, მან, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა იგეგმება ხელისუფლების მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეერთებული შტატებიდან საკმაოდ მკაცრი გზავნილები გაიცა ამ თემაზე, დღეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზარაძის განეიტრალება, მყარდება დიქტატორული რეჟიმი, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივას არსებობის უფლებას ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, აღარ აპირებს, რომ მისცეს და მეორე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმის, რომ ქვეყანა ფორმალურადაც კი ეხსნება პროდასავლურ მიმართულებას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს გიგი უგულავაც. „ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს რეპრესიები ოპონენტების მიმართ და ეს კარგად ჩანს ოპოზიციის წარმომადგენლების დაკითხვებზე ტარებით.
„ბიძინა ივანიშვილმა ფაქტი არის, რომ მისი გეგმა რომ ახალ წლამდე ყველაფერი მოსუფთავებული იყოს, მოქმედებაში მოიყვანა. მაგრამ სინამდვილე არის ის, რომ რაც არ უნდა ხაზარაძე შეაშინოს, რაც არ უნდა სხვა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დაიჭიროს და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ დღე დაკითხვებზე გვატარებენ, რაც არ უნდა მოასუფთავოს მინდორი, აი ამ მოსუფთავებულ მინდორში, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მაინც ბუნებრივად იპოვიან ტყლაპოს და ჩაჯდებიან 2020-ში. გარდაუვალია ეს. ისინი პარტნიორების გარეშე არიან. მას ჰგონია, რომ დაამარცხებს პოლიტიკურ ოპოზიციას და ფონს გავა, დაამარცხებს მედიას და ფონს გავა. სინამდვილეში კი ის ებრძვის საკუთარ ხალხს და ხალხი აი, ამ მოწმენდილ მინდორში ჩასვამს მას ტყლაპოში,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართავს.