ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია - ასეთია ოპოზიციის შეფასება "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების უკან ოცნების ოპონენტები სწორედ ოპოზიციის დასუსტების და დაშინების მცდელობას ხედავენ. ენმ-ს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ოქრუაშვილი არის უდანაშაულო და მას ივანიშვილი ებრძვის როგორც ოპონენტს.
„არაფერი არ იცოდა, არაფრის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია, არაფერი ძალადობრივი ჯგუფი არ შეუქმნია, არავითარი თავდასხმა არ განუზრახია. ადამიანი იყო რუსთაველის გამზირზე როგორც დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები იმისთვის, რომ დაეცვა თავის ღირსება და კონსტიტუციური უფლებები, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან. იმის გამო, რომ ოპოზიციას თავისი რიგებიდან რაც შეიძლება მეტი ხმამაღალი ხმა გამოაცალონ თუ ოდნავ მაინც რაღაც ეჭვი აქვთ ან დარწმუნებულები არიან, რომ ვითომ რაღაც მტკიცებულებები უჭირავს ხელში. მაგრამ ყველა ის საქმე ბანქოს სახლივით ჩამოეშლებათ თავზე,“ - განაცადა გრიგოლ ვაშაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ოპოზიციის დაშინების მცდელობად აღიქვამს გიგი უგულავაც. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ცდილობს მოისუფთავოს პოლიტიკური ველი.
„ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას. განსაკუთრებით რუსთავი 2-ის წაღების შემდეგ, როგორც ჩანს ბოლომდე გათავხედებულია ივანიშვილი. და აგვისტოში როდესაც დიპლომატიური კორპუსი ისვენებს, როცა საერთაშორისო ინსტიტუტები შედარებით დასვენების რეჟიმშია როგორც ჩანს ჩვენ გვექნება ძალიან ცხელი აგვისტო. სადაც ყველა შავი ზრახვა, რაც აქვს ივანიშვილს ჩაფიქრებული, მე ვგულისხმობ მოსუფთავებას ტერმინს ის ხშირად ხმარობს თავის ვიწრო წრეში, მოსუფთავება იგულისხმება მედია მოსუფთავება. მოსუფთავებაში იგულისხმება პოლიტიკური ოპოზიციისგან სათამაშო მოედნის მოსუფთავება. ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს აქვს მიღებული,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
შურისძიებაზე საუბრობს სალომე სამადაშვილიც. ენმ-ს წევრის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა იცის ძალიან ბევრი ივანიშვილის უკანონო საქმიანობაზე, მათ შორის ისეთ საკითხთან დაკავშირებითაც, როგორიც არის "რუსთავი 2".
„ეს არის მორიგი თავდასხმა შერჩევითი სამართლის გამოყენებით ადამიანზე, რომელიც, როგორც ჩანს, არის საკმაოდ სახიფათო ივანიშვილისთვის. ეს მან თავად განაცხადა უკანასკნელ მის ინტერვიუებში. მან იცის ძალიან ბევრი რამე ივანიშვილის მიერ ჩადენილ უკანონობასთან დაკავშირებით როგორც "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით, ასევე ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.