„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება ანაკლიის პორტის აქციონერებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას და დიდი ოდენობით შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.
ასევე, არსებული ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით თითო-თოთო მილიონ ლარს ითხოვს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების შესახებ მათ პრესიდან შეიტყვეს. ხაზარაძე ამბობს, რომ მას და ბადრი ჯაფარიძეს კანონი არასდროს დაურღვევიათ და ისინი კანონმორჩილი ადამიანები არიან.
ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში შესვლამდე ასევე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ორი დღის წინ გამართულმა ბრიფინგმა, როდესაც მათ ბრალი წაუყენეს, ქვეყანას სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა.
„ჩვენ გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ, ეს არის დღევანდელი მთავრობის და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან, აღარ ვლაპარაკობ, რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ. იმიტომ, რომ ის ფაქტი, რაც ქართულ ეკონომიკას მიაყენეს ორი დღის განმავლობში ორი მილიონის სანაცვლოდ, ეს არის დანაშაული.
„მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას, ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით, ამას ვაკეთებ მხოლო დიმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.