ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია - ასე აფასებს ოპოზიცია, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრებას.
ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერად პოლიტიკური პარტიების ლიდერები დღეს საქალაქო სასამართლოში ერთად მივიდნენ და მოსამართლეს ის განჩინება გაასაჩივრეს, რომელის თანახმადაც გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მატროსოვის ციხეში დაელოდება. ოპოზიციის ლიდერები თანხმდებიან, რომ ოქრუაშვილი ივანიშვილის მსხვერპლია და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ციხეში "ქართული ოცნების" ლიდერმა შიშის გამო გაუშვა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოქრუაშვილის წინააღდეგ სასამართლოში წარადგინა, პატიმრობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ისინი ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ. ოპოზიციის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ რეპრესიებს გააგრძელებს და ოქრუაშვილი მისი ბოლო მსხვერპლი არ იქნება.
ოქრუაშვილი ციხეში, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილების გამო არ ზის, ამაში დარწმუნებულია არასამთავრობო სექტორი. ოპოზიციის ლიდერის ციხეში გაშვების შემდეგ, ყველაზე გავლენიანმა ქართლმა ორგანიზაციებმა პირდაპირ თქვეს, რომ პატიმრობა ბევრ კითხვას აჩენს და ეჭვებს აძლიერებს ოქრუაშვილის დაკავების დრო. ის ციხეში სწორედ მაშინ გაუშვეს, როდესაც "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა დაიწყო და თქვა რომ ტელევიზია მას ეკუთვნის და არა ქიბარ ხალვაშს. ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს თავდაცვის ექსმინისტრის საქმის მონიტორინგს სთხოვენ.
წინასწარი დაკავების იზოლატორებში ოპოზიციონერი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის და აქციის სხვა მონაწილეების მდგომარეობას სახალხო დამცველი შეისწავლის.