ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკა და შერჩევითი პოლიტიკა მედიასაშუალებების მიმართ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება დატოვა. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მოთხოვნას, რომელიც მთავრობის მხრიდან მედიასთან ურთიერთობის შეცვლის სტრატეგიას ეხება, თითქმის ყველა მოქმედი მედიასაშუალება უერთდება. ისინი ერთობლივად აპროტესტებენ იმ მეთოდს, რომელიც მთავრობაში მოულოდნელი ბრიფინგის ჩანიშვნას ეხება. ჟურნალისტები ხელისუფლებისგან თანაბარ პირობებში მუშაობის საშუალებას მოითხოვენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, სამთავრობო უწყებების მხრიდან ბრიფინგის ჩანიშვნის თაობაზე ინფორმაციის ბოლო წუთებში გაჟღერება უკვე ტრადიციად იქცა. ძველიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ამგვარი პრაქტიკა, ჟურნალისტებისთვის სამუშაო შესრულებაში ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
„ სამთავრობო პრესსამსახურების მიერ მედიასაშუალებები აღქმულნი არიან მათ დანამატად. ისინი ჟურნალისტებს იწვევენ ბრიფინგებზე მხოლოდ ისეთი ფორმით, რომ მათთვის უცნობი რჩება მაგალითად, რა თემაზე არის ეს ბრიფინგი იმისათვის, რომ მოემზადონ და თავად გადაწყვიტონ უნდათ თუ არა საერთოდ ამ თემის გაშუქება. მაგალითად, ისეთი ფორმატით, როგორიც არის პირდაპირი ეთერი, გააგზავნა თუ არა ჟურნალისტები, სხვა ფორმა აირჩიონ ამა თუ იმ საკითხის გასაშუქებელად. ეს ცხადია, უშლის ჟურნალისტური საქმიანობაში ხელს ჟურნალისტებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია დაგეგმვა პრაქტიკულად და აწყობა, საკუთარ დღის წესრიგზე მორგება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აი, ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჟურნალისტებმა თავადა უნდა გადაწყვიტონ როდის, რა ფორმით და რა აქცენტებით გააშუქებენ ამა თუ იმ ბრიფინგს,“- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ამგვარი პრაქტიკის დანერგვა შესაძლოა ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკულ შეკითხვებისგან თავის არიდებას უკავშირდებოდეს.
პრემიერ მინისტრისადმი გაგზავნილ განცხადებას ხელს 34 მედიასაშუალება და ჟურნალისტი აწერს. მათ შორის არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასევე, ორი კერძო მედიასაშუალება, ტელეკომპანია „იმედი“ და ტელეკომპანია „მაესტრო“.