ქვეყანაში ოფიციალურად მყარდება დიქტატურა - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ოპოზიციის თქმით, ეს არის რუსული პროექტი და პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიება. ნიკა გვარამიას თანამოაზრეები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები გამოკითხვის დასრულებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ.
„ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, არავის ჯერა, რომ „რუსთავი 2-ისა“ და ნიკა გვარამიას ირგვლივ დავა კერძო პირებს შორის დავაა.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორკესტრირებული. მას უნდა, რომ ანგარიში გაუსწოროს გვარამიას წარსულის გამო და ბიძინა ივანიშვილს ეშინია მომავლის, როდესაც საუბარი დაიწყო ალტერნატიული პლატფორმების შექმნაზე, მაგრამ ვერც თავისუფალი სიტყვის ჩახშობას მოახერხებს ვინმე და ვერც იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ხერხებით 2020-ში ხელისუფლება შეინარჩუნოს,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნიკა გვარამიას განეიტრალება უნდა, თუმცა არ გამოუვა და ის ახალ ტელევიზიას მაინც შექმნის.
„ასეთი ადამიანი, როცა აცხადებს, რომ ახალ ტელევიზიას გავაკეთებ და ის იბრძოლებს ასევე და უკეთესი იქნება კიდევ, ეს საშიშია მისთვის. ის მისი პირადი მტერია. აქ არანაირი იურიდიული პროცესი არ მიდის. ის ანეიტრალებს თავის მტრებს, როგორც მას ჰგონია. ძალიან ბრიყვია, იმიტომ, რომ ამით მხოლოდ იმრავლებს, სძენს დიდ ძალას და ენერგიას თავად ნიკა გვარამიას,“ - განაცხადა კოტე კემულარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას გამოკითხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ განახორციელოს პოლიტიკური დევნა ოპონენტის წინააღმდეგ.
„მას შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ჰქონდეს გეგმა, რომ იზოლაცია მოახდინოს, თუმცა ძალიან გაუჭირდება, ეს იქნება ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის მქონე ბიძინა ივანიშვილისთვის საშუალო ვადაში. მას ხელისუფლების დატოვება მოუწევს,“ - განაცხადა მინაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზალიკო უდუმაშვილიც მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს საქმე არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია.
„გამოძიება ცდილობს, რომ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი მიზეზით შეუზღუდოს თავისუფლება ნიკა გვარამიას. ეს არის ამ ყველაფრის მთავარი მოტივი და ივანიშვილის ამოცანა ეს არის, რომ ნიკა გვარამია რამენაირად გაანეიტრალოს, მით უმეტეს, როცა ნიკა გვარამიამ დაანონსა ახალი ტელევიზიის გაკეთება. დღეს ივანიშვილის ერთ-ერთი სატკივარი, თავის ტკივილი. ნიკა გვარამიას დაკავება იქნება ძალიან მძიმე და გამოიწვევს ძალიან მძიმე პოლიტიკურ პროცესებს. ნიკა გვარამია არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, ის არის გამორჩეული ფიგურა ქართულ საზოგადოებაში, რომელიც 7 წლის განმავლობაში რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, შესაბამისად, ამას მოჰყვება მძიმე რეაქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ნიკა გვარამიას რაიმე ფორმით გაჩუმება. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის საქმე არა სამართლებრივი არამედ პოლიტიკურია. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და რეპრესიები.
„მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რაც უფრო მეტს გაჭიმავთ ბატონო ბიძინა, ამ ზამბარას, ცხვირში უფრო მტკივნეულად მოგხვდებათ, ვიდრე თქვენ გგონიათ,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკური მოძრაობა - ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ნიკა გვარამია ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი პიროვნებაა, რადგან ის ღიად აკრიტიკებს. მისი თქმით, ტოტალური კონტროლის დამყარება ხდება.
„წელიწადი და ცოტა მეტი დარჩა „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს. აუცილებლად არჩევნების გზით ხალხი გაუშვებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.