18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
თავდასხმა პოლიციელზე - ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ 

ბათუმში 5 პირს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაკავებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. როგორც ბრალდებულები ყვებიან, პოლიციელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღი მიაბჯინა.

შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულების ვერსიით, ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთასთან, მეგობრის სახლში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით კი იმ დროს როდესაც ტაქსს ეზოში ელოდებოდნენ, ხმამაღლა საუბრობდნენ და იქვე მდგომ ავტომობილს მიეყრდნენ. გაირკვა, რომ ავტომობილი შსს სამინისტროს მაღალჩინოსანს, როინ კოჩალიძეს ეკუთვნოდა. 

დაკავებულები ამბობენ, რომ როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღი დაუმიზნა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულების თქმით, დაპირისპირებამდე პოლიციის თანამშრომელს მათთვის თავი არ წარუდგენია და ის სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული. 

ბრალდებულები "გაზეთ ბათუმელების" მფლობელის და დირექტორის მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები არიან.

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, პოლიციამ 5-ვე პირი დააკავა. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები