ფოთში ახალი პორტის მშენებლობა იწყება."პეის ტერმინალის" ტერიტორიაზე დღეს კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პროექტი აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა.
მთავრობა აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებისას დამატებით 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ანაკლიის პორტის ალტერნატივა. ჩვენ როგორც ვხედავთ, ეს არის მხოლოდ ერთი სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება,თუმცა არც მასშტაბებით, არც ტვირთებით, არც ზოგადად განვითარების მასშტაბითაც, ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა. მოგეხსენებათ, ანაკლიის პროექტის პირველი ფაზა გათვლილია 8 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავებაზე, რომელიც 100 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამდენად, ეს პროექტები, თავიანთი ზომებიდან გამომდინარე, ერთმანეთის კონკურენტები ვერ არიან. თუმცა ყველა პროექტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.