15 სექტემბერი 2026,   19:53
ვრცლად
გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ რუსთავში კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

გივი მიქანაძემ „მოდუსის“ საქმიანობისა და მიღწევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებულება ერთ-ერთი წარმატებული კოლეჯია, რომელიც სტუდენტებს მრავალფეროვან და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. მისი თქმით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებაში.

მინისტრთან ერთად, კოლეჯის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

კოლეჯი „მოდუსი“ წლის მანძილზე 1000-ზე მეტ  სტუდენტსა და მსმენელს ემსახურება და ქვემო ქართლის რეგიონის ორ ლოკაციაზე – რუსთავსა და მარნეულში ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 24 დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, პროგრამებს, რომლებშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

კოლეჯი თანამშრომლობს პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც ყოველწლიურად 100-ზე მეტი პატიმარი გადის მომზადებას 5 სხვადასხვა მიმართულების პროგრამაზე და ეუფლება პროფესიას.

დღის ამბები