18 სექტემბერი 2026,   03:21
ვრცლად
"ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება წარმოდგენილია როგორც სადამკვირვებლო მისია და არა როგორც ხელისუფლება"- ოპოზიცია ატოცში მიმდინარე პროცესებზე

ატოცში რუსი საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები ხელისუფლების არათანმიმდევრულობასა და უმოქმედობაზე საუბრობენ.

ოპოზიციისთვის მიუღებელია რუსეთთან შერბილებული ტონით საუბარი და ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, არსებული პოლიტიკის შედეგია ე.წ მცოცავი ოკუპაციაც.

"საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და ხმის არ ამოღების ბრალია, რასაც ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად, როგორ აჩოჩებენ საზღვარს რუსი ოკუპანტები. ამ საკითხს ლავროვთან შეხვედრა კი არა, ქვეყნის პატრიოტებთან კონსულტაციები სჭირდება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება წარმოდგენილია როგორც სადამკვირვებლო მისია და არა ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის ტერიტორიებს,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის განცხადებით, ის უახლოეს მომავალში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვა, სადაც "ბორდერიზციის" მიმდინარე პროცესზე ისაუბრებს.

"სამწუხაროა, რომ ეს პროცესი გრძელდება, საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლებამ, რომლის პასუხისმგებლობის საკითხიც არის, დღეს მეტად იაქტიუროს. პროცესს სჭირდება სერიოზული დაპირისპირება, რომ შეჩერდეს. ხელისუფლების ნაბიჯები ჯერჯერობით შედეგიანი არ არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, რომ ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე,"- აცხადებს გიგი წერეთელი.

ქარელის მუნიციპალიტეტის მმართველ გუნდში ოკუპანტების მხრიდან უკანონო "ბორდერიზაციას"  ისევ წინა ხელისუფლების შეცდომებს უკავშირებენ.

"რუსეთის პოლიტიკა და სტრატეგია არის, შეინარჩუნოს მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება საქართველოში, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და რასაკვირველია, იმ წუთში გამოჩნდება "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ამ პოლიტიკას უწყობენ ხელს, თითქოსდა თავისივე დანაშაული არ იყოს, დღეს რომ ასეთ დღეში ვართ,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.   

დღის ამბები