სინოდის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სხდომაზე მთავარი საკითხი ე.წ. საუკუნის საქმე და ამ საქმეზე მსჯავრდებული, დეკანოზი მამალაძე იყო. თითქმის სამწლიანი ლოდინის შემდეგ, სინოდმა დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიიღო. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო.
სინოდის გადაწყვეტილების იმ ნაწილში, სადაც წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ გიორგი მამალაძის შეწყალებას რეკომენდაცია გაუწიოს და გადადგეს ის ნაბიჯი, რომ მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, დადებითად აფასებს.
გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დეკანოზის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს ბევრად უფრო ადრე უნდა გადაეწყვიტა.
"თუ რატომ დღეს, გამიჭირდება ამის ახსნა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში, მეუფე პეტრეს ნაწილისგან განსხვავებით ბევრად უფრო სამართლიანია," - აცხადებს ფანცულაია.
გიორგი ფანცულაიას თქმით, მან არ იცის რა წერია გიორგი მამალაძის წერილში, ნანახიც კი არ აქვს და აქედან გამომდინარე ის ვერ იტყვის ამ წერილთან არის თუ არა რაიმე ფორმით შემხებლობაში, მაგრამ მისი თქმით ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.
რაც შეეხება ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, ის აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სასულიერო პირებმა მეუფე ზენონმა და მეუფე გრიგოლმა, რომლებმაც ინახულეს დეკანოზ მამალაძე მერე აცხადებდნენ საჯაროდ, რომ გიორგი მამალაძე იყო უდანაშაულო.
"შესაბამისად უკვე წინააღმდეგობაში იყო გარკვეული ჯგუფი სასულიერო პირების, რომლებიც ნდობას უცხადებდნენ და მიაჩნდათ და არა ერთხელ მოიხსენია იგივე იაკობმა ავაზაკად დეკანოზი, მაგრამ ამავდროულად იგივე სტატუსის მქონე სასულიერო პირები იძახდნენ, რომ უდანაშაულოა," - ამბობს რამიშვილი.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილის თქმით, როგორც ჩანს გაიაზრეს, რომ საქმე სხვაგვარადაა და არ შეიძლება ასე შეწირო ყველაფერს და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.