10 სექტემბერი 2026,   22:05
ვრცლად
ირაკლი კობახიძეს ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა - ოფიციალური მიღება კოსმოსის საერთაშორისო სამიტის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა

დეკლარაციები რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობას განსაზღვრავს და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ კოორდინირებულ მიდგომებს აყალიბებს - საქართველო იმ 90 ქვეყანას შორისაა, რომლის მთავრობის მეთაურებმა, მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელებმა და მეცნიერებმა, კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა. სამიტს პარიზის ისტორიულმა სასახლემ - გრან პალემ უმასპინძლა. სწორედ ემანუელ მაკრონის პირადი მოწვევით იმყოფებოდა საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები - ეს თემები განიხილეს, კოსმოსის საკითხებში პირველ საერთაშორისო ფორუმზე. ღონისძიება საფრანგეთის პრეზიდენტმა გახსნა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ დღევანდელ რეალობაში კოსმოსური ინფრასტრუქტურა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან. მისი განმარტებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. კოსმოსი რომ მხოლოდ მეცნიერებისა და კვლევის სფერო აღარ არის, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კოსმოსური სფერო ევროპის ეკონომიკური ძალის და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

სამიტზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია, არა მარტო ევროპული, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის. საქართველო კი, როგორც თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი, ყველა საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობს და ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პარიზში გამართული სამიტის მსგავსი პლატფორმები, კარგი შესაძლებლობაა სახელმწიფოთა ლიდერებს შორის კომუნიკაციისა და დიალოგის გაძლიერებისთვის. სამიტზე განსახილველი საკითხების პარალელურად, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებს გაესაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად პარიზში, გუშინ ჩავიდა. სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას დაესწრო. მიღება კოსმოსის საერთაშორისო სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები