რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროდან იწყება. ფიროსმანი, სამთაწყარო, მირზაანი - ეს ის სოფლებია, რომელებშიც ყურძნის მოსავლის აღება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის, კახეთში სამ ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველის პროცესი, ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის გათვალისწინებით, მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც ეტაპობრივად გადაინაცვლებს.
წელს, კახეთში ყურძნის გაზრდილ მოსავალს ელიან. საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა. ყურძნის მისაღებად უკვე მზად არიან ღვინის საწარმოებიც. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 230 ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული.
მევენახეების ინტერესების დაცვის მიზნით, მიმღებ პუნქტებში მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორებით და შაქრიანობის საზომი თანამედროვე მოწყობილობებით მიმდინარეობს. მონაცემები ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება, რაც პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. რთველის მიმდინარეობას გურჯაანში განთავსებული საკოორდინაციო შტაბი აკვირდება, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
მევენახეები მოსავლის დაბინავებას ჭარბი მოსავლის შემთხვევაშიც შეძლებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძენს "მოსავლის მართვის კომპანია" დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს. ანაზღაურება ყურძნის ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით, დიფერენცირებული ტარიფებით მოხდება. კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის ღირებულება 1,50 თეთრით, ხოლო სხვა ნებადართული ჯიშების 1,30 თეთრით განისაზღვრა.
ყურძენზე დიფერენცირებული ფასები გასულ წელს დაინერგა. ეს მიდგომა მევენახეებისთვის დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ ყურძნის კონდიციურობასა და სათანადო მაჩვენებლებზე იზრუნონ. საბოლოო მიზანი, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო პოზიციების გაძლიერებაა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე