დეპუტატ სოფიო კილაძის განცხადებას, რომელმაც "კურიერთან" დაადასტურა, რომ ქმრისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, პარლამენტში პირველი შეფასებები მოჰყვა.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მართალია, კანონმდებლობა ოჯახური ძალადობის კუთხით გამართულია, თუმცა მისი აღსრულება პრობლემად რჩება. ბესელიას თქმით, საჭიროა პრობლემურ ქალაქებსა და რეგიონებში ამ თემაზე აქტიურად მუშაობა.
კანონის აღსრულებას მიიჩნევს მთავარ პრობლემად პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინათინ ბოკუჩავაც. ბოკუჩავას შეფასებით, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური და გენდერული ნიშნით ძალადობის წახალისება მუდმივად ხდება.
ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე სოფიო კილაძეს სოლიდარობას უცხადებს. სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ქალთა მიმართ ძალადობა განსაკუთრებული პრობლემაა. კაპანაძემ ამის დასტურად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი დაასახელა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ კანონმდებლობა ამ მხრივ გამართულია და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
შეგახსენებთ, დეპუტატმა სოფიო კილაძემ "კურიერთან" დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.