"მთავრობა არაფერს აკეთებს მწვავე მდგომარეობის გამოსასწორებლად" - ასე აფასებენ ოპოზიციაში ხელისუფლების მიდგომას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის მიმართ.
მათი განცხადებით, მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებს სათანადო ინფორმაციას არ აწვდის.
"საგანგაშო არის ივანიშვილის რეჟიმის უმოქმედება, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. საჭიროა, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები აქტიურად ესაუბრებოდნენ რუსეთს ამ პრობლემის თაობაზე, იმისათვის, რომ რეალური კონტროლი იყოს ოკუპაციის ხაზის გასვწვრივ და არ ხდებოდეს ისეთი ფაქტები, რომელიც მოხდა ოთხოზორიასთან და ტატუნაშვილთან დაკავშირებით," - განაცხადა "კურიერთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერი კეთდება.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი მუდმივ რეჟიმში არის ინფორმირებული. ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენ არ გვაქვს სტატიკური მდგომარეობა ამ მიმართულებით. სიტუაციების გამწვავებები საკმაოდ ხშირად ხდება და თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები დაუყონებლივ არიან ინფორმირებულნი," - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე დღეს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ.