06 ოქტომბერი 2024,   08:57
ვრცლად
ხმაურიანი სხდომა საქალაქო სასამართლოში - ბექა კვიციანს, მეგობრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - ბექა კვიციანი გინებისა და აგრესიული ქცევის გამო დღეს სასამართლო პროცესიდან სამართალდამცველებმა იძულებით გაიყვანეს, სხდომა კი დაიხურა.

დახურულ რეჟიმში გაგრძელებულ პროცესზე სასამართლომ ბრალდების მხარის მთავარი მოთხოვნაც დააკმაყოფილა და ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლა, ახალი დანაშაული ჩადენის რისკი და მიმალვის საფრთხე - ეს პროკურატურის ძირითადი არგუმენტები იყო.

ბრალდებულის ადვოკატები პროცესზე აცხადებდნენ, რომ კვიციანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დაცვის მხარეს ეთანხმებიან პროკურორებიც. ადვოკატები კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას მოითხოვენ, მოსამართლემ კი ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბექა კვიციანმა რამდენიმე დღის წინ, მეგობარს და ნათესავს ნოდარ ცხადაძეს ისნის ავტონაწილების ბაზრობაზე მიაკითხა და იქიდან მანქანით წაიყვანა. არსებული ინფორმაციით, კვიციანი ცხადაძეს ფულს სძალავდა და მკვლელობის მიზეზიც სწორედ ეს დაპირისპირება გახდა.

ბავშვობის მეგობარს კვიციანმა ცეცხლსასროლი იარაღით 14 ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და რამდენიმე დღეში ფაქტზე კვიციანი დააკავეს.

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი 

დღის ამბები