საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციან სიაში ყოფნა შეურაცხმყოფელია.
"ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამ სიაში ყოფნა და ამ სიის შემადგენლობით მცდელობა, რომ დამტკიცდეს უზენაესის სასამართლოს მოსამართლედ არის ალბათ ძალიან შეურაცხმყოფელი. ჩვენ ვნახეთ, როგორ შემადგენლობასთან გვაქვს საქმე, როგორც პოლიტიკური, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა მოსამართლეების დანიშვნის საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრ ირაკლი აბესაძეს ზაზა თავაძის მიერ კანდიდატურის მოხსნა არ უკვირს და აცხადებს, რომ ის ფორმალურადაც ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს.
"ბატონი თავაძე ერთ-ერთია, ვინც ფორმალურადაც ვერ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, ის არაა სამართლის მაგისტრი და როგორც ჩანს, იმ უხერხულობას, დეპუტატებს ჩაეგდოთ მისი კანდიდატურა, არჩია, რომ მოეხსნა ეს კანდიდატურა. თუმცა, რჩებიან კანდიდატები გაყალბებული დიპლომით, ბატონი თადუმაძე, რჩებიან კანდიდატები ძალიან დაბალი კვალიფიკაციით,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.